2003 წელს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) მისი აპარატისაგან დამოუკიდებლად შეიქმნა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
ენერგოომბუდსმენის უფლებამოსილებები კანონით არის დადგენილი, რომლის თანახმად, დამცველი უფლებამოსილია:

მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ;

გაეცნოს ყველა იმ დოკუმენტაციას და მასალას, რომელიც კანონმდებლობით ნებადართულია;

წარმოადგინოს ინდივიდუალური მომხმარებელი მომსახურე კომპანიასთან დავაში;

შეაფასოს მომხმარებლებზე სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებათა გავლენა და შედეგები;

მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა უფლებებზე.

მარტივად, რომ ვთქვათ, ნებისმიერი სახის დავის არსებობის შემთხვევაში, რომელიც წარმოიშობა მომხმარებელსა და მომსახურე კომპანიას შორის (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში), საზოგადოებრივი დამცველი უფლებამოსილია, განიხილოს ეს დავა და რეკომენდაციებით მიმართოს შესაბამის კომპანიებს, აგრეთვე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სხვა სამართლებრივი ბერკეტები.
ენერგოომბუდსმენს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამნტის მიერ შექმნილი უფლებამოსილი კომისია.

2014 წლის მაისში, ახალი ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის არჩევისთანავე განხორციელდა სამსახურის რეორგანიზაცია. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს დაემატა საზოგადოებრივი მისაღები, რომელიც მუდმივ რეჟიმში იღებს მოქალაქეებს და სამი რეგიონული ცენტრი, რომელიც ასევე მობილიზიებულია მომხმარებელთა საჩივრების განხილვაზე, ადგილზე მოქალაქეების კონსულტაციებზე და სწრაფ რეაგირებაზე.

სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, შესაბამისად, მოქალაქეს შეუძლია, აგრეთვე, მიიღოს სატელეფონო კონსულტაციები. ამასთან, ძალიან აქტიურია ,,ფეის ბუქ“ გვერდი და ელექტრონული ფოსტა. არცერთი შეტყობინება არ რჩება ყურადღების მიღმა.
ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ტიპის მომსახურება არის უსასყიდლო და ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება, მიმართოს ენერგოომბუდსმენს.