გაფრთხილება ელექტროენერგიის მომხმარებელთა საყურადღებოდ !
ენერგოომბუდსმენისა და მისი თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობა მიმართულია მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად. გვსურს, გავამახვილოთ მომხმარებელთა ყურადღება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ 2016 წლის 17 მარტს განხორციელებულ მნიშვნელოვან დამატებაზე, რომელიც ამოქმედდა მიმდინარე წლის 1 ივნისიდან. აღნიშნული დებულების თანახმად, ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს (სს „თელასი“, სს „ენერგო-პრო“, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“) დაევალათ აბონენტებისათვის ყოველთვიურად წარსადგენ ანგარიშსწორების ქვითრებში ასახონ დამატებითი მონაცემები - ელექტროენერგიის ღირებულებისა და მომსახურების გადახდის წესში შესული ცვლილებებია:
- განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე.
- დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, განაწილების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხა მიმართული იქნეს იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.
- მომხმარებელს უფლება აქვს, წინასწარ გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს განაწილების ლიცენზიატს.
დამატებით გაცნობებთ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ადგილი აქვს თქვენი უფლებების დარღვევას ელექტროენერგიის, სასმელი წყლის ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან, მოგვმართეთ მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19 (სამუშაო დღეებში - 9:00 საათიდან 18:00 საათამდე), აგრეთვე მოგვწერეთ ვებ-საიტზე pdci.ge ან ფეისბუკის გვერდზე Energy Ombudsman.