ენერგოომბუდსმენის 2015 წლის ანგარიში
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა დღეს 2015 წლის ანგარიში საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა.
დოკუმენტში ასახულია საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი, მათი ინტერესების შელახვის ფაქტები და საზოგადოებრივი დამცველის სამართლებრივი რეაგირებები.
საანგარიშო მოხსენებაში წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები სამსახურის საქმიანობის შედეგებისა და მომხმარებელთა მომართვიანობის შესახებ, საჩივრების შინაარსი ენერგოკომპანიების მიხედვით და საზოგადოებრივი დამცველის აქტივობის შედეგად ჩამოწერილი თანხების ოდენობა.
ენერგოომბუდსმენის ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში 2015 წელს არსებული პრობლემები.
ელექტრორენერგეტიკის სფეროში კვლავ მწვავედ დგას მომხმარებელთა ბარათებზე ძველი დავალიანების ასახვის პრობლემა, რომლის მოთხოვნის უფლება კომპანიებს აღარ გააჩნიათ. რეგიონებში მომხმარებლები ელექტროენერგიის არასათანადო ძაბვით მიწოდებაზე მიუთითებენ და ამას ემატება მოძველებული ელექტრო-სადენები, განათების ბოძები, მომსახურების დაბალი ხარისხი, ხშირია საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების ფაქტები.
ბუნებრივი გაზის სფეროში გასულ წელს მწვავედ იდგა უსაფრთოების პრობლემა. ამასთანავე, მასობრივი ხასიათი ჰქონდა ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადების დარღვევას, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის მოსახლეობისთვის. ზამთრის პერიოდში ადგილი ჰქონდა აღრიცხვიანობის დარღვევის ფაქტებს.
წყალმომარაგების სფეროში დარღვევები მრავალსახეობით გამოირჩეოდა. მოქალაქეები სარემონტო სამუშაოების არაგონივრულ პერიოდულობაზე მიუთითებდნენ, პრობლემური იყო წყალარინების ქსელების გაუმართავი მდგომარეობა, ქსელების დაზიანება, არასწორი სულადობრივი დარიცხვები. წლის განმავლობაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დაფიქსირდა არაერთი შეტყობინება წყლის არასათანადო ხარისხზეც.
ენერგოომბუდსმენმა რეკომენდაციებით და წინადადებებით მიმართა ენერგოკომპანიებს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას.
ანგარიშის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. განხილვაში ჩართული იყო სამოქალაქო საზოგადოება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.