ენერგოომბუდსმენის სპეციალური განცხადება სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ შესახებ
მიმდინარე წლის 19 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავარიულად დაზიანდა ბუნებრივი გაზის ცენტრალური მილი, რის გამოც სოფლის მოსახლეობა (140 აბონენტი) ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ სს ,,ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯიას“ წარმომადგენელს (თელავის სერვის ცენტრის მენეჯერი) პირადად დაუკავშირდა და შეატყობინა ენერგოომბუდსმენის კახეთის რეგიონული წარმომადგენელი.
კომპანიის თანამშრომელმა უპასუხა, რომ შაბათ-კვირას არ მუშაობენ, ეს კომპანიისთვის დამატებითი ხარჯია და პრობლემის მოგვარება ორშაბათიდან იქნება შესაძლებელი. ენერგოომბუდსმენის თანაშემწემ ვისოლ-გაზის წარმომადგენელს კომპანიის ვალდებულებები შეახსენა და აცნობა, რომ საკითხის მოსაგვარებლად მიმართავდა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ ეს იყო ზეწოლა კერძო ბიზნესზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება და კომპანია არ აპირებს პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ გამოთქვა მზადყოფნა, დახმარებოდა კომპანიას მძიმე ტექნიკით.
ენერგოომბუდსმენის აპარატის აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს, შაბათს სოფელში გამოჩნდა ვისოლ-გაზის ტექნიკური პერსონალი და 116 აბონენტისთვის გაზის აღდგენა მოხერხდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო, 24 აბონენტი კვლავ მომსახურების გარეშეა დარჩენილი. ამ წუთებში სოფელში სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენელმა ენერგოომბუდსმენის თანაშემწეს მოკლედ უპასუხა, რომ სამუშაოები ხვალ, ორშაბათიდან განახლდება.
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობები რეგულირებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“. აღნიშნული დოკუმენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი (მიმწოდებელი) ვალდებულია უზრუნველყოს „მომხმარებლების შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.“ ამ წესების მე-4 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები კი აკონკრეტებს, რომ განაწილების ლიცენზიატი (მოცემულ შემთხვევაში - ვისოლ-გაზი) ვალდებულია: ,,დ“ – ,,უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით;“ ,,ე“- ,,დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ.“
ენერგოომბუდსმენი განმარტავს, რომ ნებისმიერი შემთხვევის დროს, კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა აღმოფხვრას მომსახურების შეწყვეტის მიზეზები. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ვისოლ გაზის პოზიცია უქმე დღეებთან დაკავშირებით და აგრეთვე, გაურკვეველია, რა აფერხებს და რატომ ვერ ხერხდება მომსახურების აღდგენა დარჩენილი 24 ოჯახისთვის.
გარდა ამისა, მიუღებელია კომპანიის თანამშრომლის დამოკიდებულება ენერგოომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ და სასურველია კიდევ ერთხელ განიმარტოს, რომ საზოგადოებრივი დამცველი კანონის თანახმად არის უფლებამოსილი, დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები და სამუშაო პროცესში ენერგო კომპანიების წარმომადგენლეთან კონტაქტი არ წარმოადგენს ზეწოლას კერძო ბიზნესზე. ამასთანავე, ყველას აქვს უფლება, შესაბამისი პრეტენზიით მიმართოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რაც თავის მხრივ, არ ითვლება უკანონო ქმედებად.
ენერგოომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს სს ,,ვისოლპეტროლიუმ ჯორჯიას“ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომპანიას, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ დაიწყოს სამუშაოები დარჩენილი აბონენტების ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით. კომპანიის ქმედებების კანონიერების შესწავლისა და პასუხისმგებლობის მიზნით კი ენერგოომბუდსმენი ოფიცილაური წერილით მიმართავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.