ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სს ''სართიჭალა გაზს'' რეკომენდაციით მიმართვას
საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შპს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი“ მიმდინარე წლის 14 მარტიდან ბუნებრივი გაზის მიწოდებას შეუწყვეტს სს „სართიჭალა გაზს“ მიწოდებული ბუნებრივი გაზის დავალიანების გადაუხდელობის გამო. შპს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი“ ამასთანავე აფრთხილებს სს „სართიჭალა გაზის“ განაწილების არეალში არსებულ მომხმარებლებს გაითვალისწინონ ბუნებრივი გაზის შეწყვეტის ზემოაღნიშნული გარემოებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი (მიმწოდებელი) ვალდებულია უზრუნველყოს „მომხმარებლების შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.“
ენერგოომბუდსმენს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებების გამო, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას სს „სართიჭალა გაზის“ განაწილების არეალში არსებული მომხმარებლების ბუნებრივი გაზით სტაბილურ მომარაგებას. შესაბამისად, საზოგადოებრივმა დამცველმა კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, რომ გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება სართიჭალაში ბუნებრივი გაზის მიწოდების პრობლემის აღმოფხვრის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ბუნებრივი გაზით უწყვეტად მომარაგების მიზნით.