ენერგოომბუდსმენის რეკომენდაცია შპს''სოკარ ჯორჯია გაზს''

19 ოქტომბერი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015101918063489428.jpg

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დაფიქსირდა მომხმარებელთა პრეტენზიები სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებიც მიუთითებენ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ სახლში და ბუნებრივი გაზის მოხმარება მრიცხველზე არ ფიქსირდებოდა. ამ საფუძვლით კი შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებმა მომსახურება შეუწყვიტეს. ბუნებრივი გაზის მიწოდება კი მხოლოდ მათი მიმართვის შემდეგ აღდგა. მოქალაქეთა განმარტებით, კომპანია ამას უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ხსნიდა.
მოქალაქეთა შეტყობინენების საფუძველზე, წერილობით მოვითხოვეთ კომპანიისგან ინფორმაცია ბუნებრივი გაზის შეწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით, კონკრეტულად, იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც მოხმარება არ ფიქსირდება, არის თუ არა ასეთი პრაქტიკა (შეწყვეტა) და რომელ რეგულაციას ექვემდებარებოდა აღნიშნული წესი.
მიღებული პასუხით ირკვევა, რომ ასეთ შემთხვევაში ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლების მიმართვის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის აღდგენა ხორციელდებოდა ინფორმაციის მიღებისთანავე, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.
აღნიშნული წერილიდან ნათლად ირკვევა, რომ მომხმარებელთა პრეტენზია უსაფუძვლო არ არის და შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი“ პრაქტიკაში მიმართავს ზემოაღნიშნულ ქმედებას იმ პირთათვის, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მოიხმარენ ბუნებრივ გაზს. საყურადღებოა, ამ წესს არ ცნობს არცერთი ნორმატიული აქტი, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად გამანაწილებელი კომპანიებისთვის. 
შესაბამისად, კომპანიის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტა (იმ საფუძვლით, რომ პირი დროებით არ იმყოფება სახლში) ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს და არღვევს მომხმარებელთა უფლებებს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებულია. მოქალაქე შეიძლება ფლობდეს რამდენიმე უძრავ ქონებას. თითოეულ პირს შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და შესაბამისად, მათ აქვთ უფლება, ისარგებლონ უწყვეტი მომსახურებით ბუნებრივ გაზზე, ელექტროენერგიაზე და ა.შ. 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილების (ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ) მე-15 მუხლი ამომწურავად ადგენს ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტის საფუძვლებს, შესაბამისად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ ამ წესებისგან განსხვავებული პრაქტიკის ჩამოყალიბება და დანერგვა დაუშვებელია.
ენერგოომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს შპს “სოკარ ჯორჯია გაზს“, თითოეულმა სერვისცენტრმა იმოქმედოს კანონისა და შესაბამისი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რათა არ დავუშვათ არცერთი მომხმარებლის უფლებისა და ინტერესის შელახვა.