მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის შეჯამება
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი წარმოგიდგენთ ენერგეტიკის სფეროში მომხმარებელთა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და ამ მიმართულებით სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის 2025 წლის ანგარიშს. ანგარიშში საუბარია იმ ძირითად ტენდეციებზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც გამოვლინდა მომხმარებელთა უფლებების რეალიზაციის პროცესში.
სამართლებრივი სახელმწიფოს და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში არსებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა. სწორედ რომ დამცველი თავისი რეკომენდაციებით ცდილობს, დაამკვიდროს მომსახურების მაღალი სტანდარტი და გადაწყვიტოს პრაქტიკული სირთულეები, რაც არსებობს კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. დამცველის მთავარი ამოცანაა წყალმომარაგების, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ირიგაციის სექტორებში მოქმედ კომპანიებსა და მომხმარებელს შორის ინტერესების მიუკერძოებლად და სამართლიანად დაცვა.
ამის ნათელი დადასტურებაა დამცველის სამსახურისადმი მომხმარებელთა მასიური ხასიათის მომართვები, როგორც დარღვეული უფლების აღსადგენად, ასევე იურიდიული კონსულტაციის მისაღებად საკუთარ უფლება-მოვალეობებში გარკვევისათვის.
კომუნალური მომსახურება წარმოადგენს მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს და პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას. წყალმომარაგება, ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, ირიგაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, რომელთა ხელმისაწვდომობა, ხარისხი და უწყვეტობა განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს. დამცველი საკუთარ საქმიანობაში მიზნად ისახავს როგორც კონკრეტული დარღვევების აღმოფხვრას, ისე პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სფეროში სამართლიანი, დაბალანსებული და მომხმარებელზე ორიენტირებული პრაქტიკის ჩამოყალიბებას. სწორედ რომ დამცველი საკუთარ საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, მიუკერძოებლობის, თანასწორობსა და პროპორციულობის პრინიცპებით და მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრას, არამედ მოხმარებელთა დაცვის სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებას. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობას სახელმწიფო ორგანოებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა პრობლემები მომსახურების ხარისხთან და ასევე მომხმარებელთა სათანადო ინფორმირების ნაკლებობასთან დაკავშირებით. ენერგეტიკის სექტორში არსებული ხარვეზები კიდევ ერთხელ მიუთითებს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე. 2025 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევით გამოირჩეოდა, რადგან დაფიქსირდა პირველი განცხადება ირიგაციის სექტორიდან.
სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მათი უფლებების დაცვა. აღნიშნული მიზნით, სამსახურმა გამართა არაერთი საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება. სამსახურის 2025 წლის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს სამსახურის მიმართ საზოგადოების გაზრდილ მომართვიანობას, მომხმარებელთა დაცვის კანონიერების მასშტაბურობასა და მის შედეგებს. 2026 წელს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა იქნება.
მადლობა მინდა გადავუხადო გაწეული შრომისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, სახელმწიფო ორგანოებსა და კომპანიებს აქტიური თანამშრომლობისათვის. ასევე ენერგეტიკის სექტორის მომხმარებლებს დამცველის სამსახურის მიმართ არსებული ნდობისთვის.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის
მოვალეობის შემსრულებელი
ნ. გულეიშვილი


