ენერგოომბუდსმენის სამსახურმა ზამთრის სეზონისთვის საინფორმაციო და სარეკომენდაციო კამპანია დაიწყო
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახურმა ზამთრის სეზონის საინფორმაციო და სარეკომენდაციო კამპანია დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების, გათბობის სისტემების გამართულობისა და ავარიული შემთხვევების პრევენციის მიმართულებით.
კამპანიის ფარგლებში ენერგოომბუდსმენი მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან უსაფრთხოების ძირითადი წესები:
- არ გამოიყენონ თვითნებურად დამონტაჟებული ან გაუმართავი მოწყობილობები;
- რეგულარულად შეამოწმონ ბინებში ვენტილაციისა და გამწოვი სისტემების გამართულობა;
- დარწმუნდნენ, რომ გაზის გამაცხელებლები სათანადოდ მუშაობს და აქვთ საკმარისი ჟანგბადის მიწოდება;
- ნებისმიერი ეჭვის ან სუნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამსახურს ან დარეკონ ენერგოომბუდსმენის საკონტაქტო ცენტრში.
- დამატებით, ენერგოომბუდსმენი მოქალაქეებს აძლევს მარტივ რეკომენდაციას: იმისათვის, რომ დროულად მიიღოთ ინფორმაცია გაზის მიწოდების წყვეტებისა და აღდგენის შესახებ, დარეგისტრირდით მომსახურებაზე მარტივად — აკრიფეთ *303# თქვენს ტელეფონზე და დაამატეთ თქვენი აბონენტის ნომერი.
ენერგოომბუდსმენი ასევე ახსენებს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ კომპანიებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, კომპანიებმა უნდა განახორციელონ მომხმარებლების გაზის დანადგარებისა და ქსელის ტექნიკური შემოწმება არანაკლებ წელიწადში ერთხელ. აღნიშნული შემოწმება მიზნად ისახავს უსაფრთხოებისა და სისტემის გამართულობის უზრუნველყოფას, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ავარიული შემთხვევები და მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანება.
ენერგოომბუდსმენის სამსახური აგრძელებს მონიტორინგს და აქტიურ კომუნიკაციას გაზგამანაწილებელ კომპანიებთან, რათა ზამთრის სეზონი მოქალაქეებისთვის იყოს უსაფრთხო და კომფორტული.
ნინო გულეიშვილმა აღნიშნულ საკითხებზე ვრცლად ისაუბრა Euronews Georgia-სეთერში. https://youtu.be/XNyGhXIe7PM?si=3NgRu30hE4zmD7oc


