ენერგოომბუდსმენი პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდა
29 სექტემბერი, 2025

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი, რეგიონული აქტივობის ფარგლებში პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი იყო ენერგოომბუდსმენის სამსახურის საქმიანობის გაცნობა და ხეობაში არსებული ენერგეტიკული გამოწვევების მოსმენა.
ნინო გულეიშვილმა მონაწილეებს გააცნო სამსახურის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის:
მომხმარებელთა საჩივრების მიღება და განხილვა;
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიებთან შუამდგომლობა;
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ინფორმირებულობის ამაღლება მომხმარებელთა უფლებების შესახებ.
ადგილობრივებმა ყურადღება გაამახვილეს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემებზე. ნინო გულეიშვილმა თითოეული საკითხი მოისმინა და აღნიშნა, რომ ენერგოომბუდსმენის სამსახური მზად არის აქტიურად ჩაერთოს მათი გადაწყვეტის პროცესში.
ენერგოომბუდსმენის სამსახური აგრძელებს რეგიონულ ვიზიტებს, რომლის მიზანია მომხმარებლების ინფორმირება და მათი ინტერესების დაცვის მექანიზმების გაცნობა.