ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი მარტვილის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტში, სადაც შეხვედრა გამართა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ენერგოომბუდსმენის სამსახურის საქმიანობის გაცნობა და მუნიციპალიტეტში არსებული ენერგეტიკული გამოწვევების მოსმენა.
ნინო გულეიშვილმა მონაწილეებს გააცნო სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის:
- - მომხმარებელთა საჩივრების მიღება და განხილვა;
- - ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიებთან შუამდგომლობა;
- - მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
- - ინფორმირებულობის ამაღლება მომხმარებელთა უფლებების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივებმა ყურადღება გაამახვილეს ელექტროენერგიის მიწოდებაში არსებულ შეფერხებებზე, ბუნებრივი გაზის ქსელთან წვდომისა და წყალმომარაგების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ნინო გულეიშვილმა ადგილზე მოისმინა თითოეული საკითხი და აღნიშნა, რომ ენერგოომბუდსმენის სამსახური მზად არის ეფექტიანად ჩაერთოს პრობლემების გადაწყვეტის პროცესში.
ენერგოომბუდსმენის სამსახური აქტიურად აგრძელებს რეგიონებში ვიზიტებს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლების ინფორმირება და მათი ინტერესების დაცვის მექანიზმების გაცნობა.