მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა საქართველოს პარლამენტში 2023–2024 წლების ანგარიში წარადგინა

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ანგარიში წარადგინა, რომელიც ეხება 2023–2024 წლებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივ მდგომარეობას.
სამსახური შეიქმნა 2003 წელს, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მისი მიზანია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ანგარიშის მიხედვით, სამსახურს დაარსებიდან დღემდე განხილული აქვს დაახლოებით 53 000 დავა, ხოლო არასწორად დარიცხული გადასახადების სახით მომხმარებლებისთვის ჩამოწერილია დაახლოებით 13 მილიონი ლარის ოდენობის თანხა.
სამსახური რეგიონალურად წარმოდგენილია ბათუმში, ქუთაისსა და თელავში, რაც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს. ანგარიშში ასახულია 2023–2024 წლების სტატისტიკური მონაცემები, მომსახურე კომპანიების მიმართ წარდგენილი საჩივრების ანალიზი, სისტემური ხასიათის პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც მიეწოდება როგორც მარეგულირებელ ორგანოებს, ისე კომპანიებს. კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და დადებითად შეაფასა სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მომავალშიც განაგრძობს აქტიურ საქმიანობას სამართლიანობისა და მაღალი ხარისხის სერვისების ხელშეწყობისთვის.