მომხმარებელთა ინტერესებისსაზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახურის 20 წლის იუბილე.
8 დეკემბერი, 2023
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახური 20 წლისაა.
ა/წლის 7 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ენერგოომბუდსმენის სამსახურმა 20 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება გახსნა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სალომე ვარდიაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სამსახურმა წარადგინა საინფორმაციო კლიპი, რომელიც განთავსებული იქნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. აგრეთვე, ღონისძიებაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ენერგოომბუდსმენის სამსახურსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის.
შეგახსენებთ, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანოა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად დამოუკიდებლად საქმიანობს და მისი ძირითადი ვალდებულებაა, შექმნას დამატებითი დაცვის გარანტიები მომხმარებლებისთვის. ენერგოომბუდსმენის სამსახური 2003 წელს ჩამოყალიბდა და 1 ოქტომბერს დაიწყო ფუნქციონირება.
წლების მანძილზე ენერგოომბუდსმენის სამსახური თავისი რეკომენდაციებითა და საკანონმდებლო ინიციატივებით ცდილობს, დაამკვიდროს მომსახურების მაღალი სტანდარტები და გადაწყვიტოს პრაქტიკული სირთულეები კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. ბოლო წლებში სამსახურმა განიხილა 30 ათასზე მეტი მომხმარებლის წერილობითი მომართვა; გაუქმდა მომხმარებლებზე უსაფუძვლოდ დარიცხული 13 მილიონამდე ლარი; 40 ათასამდე მომხმარებელს გაეწია სამართლებრივი დახმარება სატელეფონო და სოციალური ქსელის მეშვეობით.
ამასთან შეგახსენებთ: თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ირღვევა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, მოგვმართეთ მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. 27ბ. აგრეთვე, თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით ან ელექტრონულ ფოსტაზე: mail@pdci.ge. ენერგოომბუდსმენის გუნდი დაუყოვნებლივ მიმართავს სამართლებრივ მექანიზმებს თქვენი ინტერესების დასაცავად.