ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის NEON 2020 წლის პირველი გენერალური შეხვედრა ქ. ბარსელონაში
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება. ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის NEON 2020 წლის პირველი გენერალური შეხვედრა ქ. ბარსელონაში, კატალონიის ომბუდსმენის მასპინძლობით გაიმართა. შედგა რამდენიმე მრგვალი მაგიდა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას შეეხებოდა.
გენერალური შეხვედრის ძირითადი ნაწილი ორგანიზაციის NEON 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაეთმო, აგრეთვე, დაიგეგმა წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები და ტრენინგები. ამასთანავე, კოლეგებმა წარმოადგინეს მოსაზრებები ორგანიზაციის წესდებაში სავარაუდო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც წევრობის სტატუსს ეხება.
სალომე ვარდიაშვილმა საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატის 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ინფორმაცია წერილობითი ფორმით გადასცა ორგანიზაციის გენერალურ სამდივნოს. აღნიშნული ინფორმაცია აისახება NEON-ისოფიციალურ ანგარიშში, რაც ენერგოომბუდსმენის სამსახურის ისტორიაში პირველად განხორციელდება მიმდინარე წელს. NEON-ისანგარიში საერთაშორისო გავრცელების დოკუმენტია, სადაც უკვე მოიპოვება ინფორმაცია საქართველოში ენერგეტიკის დარგში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის NEON-ისასოცირებული წევრი 2018 წლის იანვარში გახდა. სალომე ვარდიაშვილი აქტიურად არის ჩართული ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში და ენერგოომბუდსმენის აპარატი მუდმივად ცდილობს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.