ენერგოომბუდსმენის ოფიციალური ვიზიტი ქ. ბრიუსელში
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ქ. ბრიუსელში იმყოფება. შეხვედრები 5, 6 და 7 ნოემბერს იყო დაგეგმილი. მრგვალი მაგიდა ევროპის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მომხმარებელთა უფლებებისა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრას ევროპის ენერგო მარეგულირებელთა საბჭოს პრეზიდენტი ანაგრეტ გრობელი მასპინძლობდა. აგრეთვე გაიმართა ენერგოომბუდსმენების მოსამზადებელი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პოტენციური წევრები შვედეთიდან და გერმანიიდან. სალომე ვარდიაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაზე ხუთწლიან შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრა, აგრეთვე წარმოადგინა 2018 წლის ანგარიში და კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მიმდინარე წლის 7 ნოემბერს კი ჩატარდა 2019 წლის ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის / NEON-ის დასკვნითი გენერალური შეხვედრა, სადაც 2020 წლის სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტზე იმსჯელეს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON) ოფიციალური წევრია და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.