„მოძრავი ოფისის“ აქცია კახეთის რეგიონში
ენერგოომბუდსმენის სამსახური „მოძრავი ოფისის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში იმყოფება.
დღეს, 13 სექტემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სალომე ვარდიაშვილი და მისი თანაშემწეები ქ. თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ფარგლებში იმუშავებენ.
პირველი შეხვედრა ქ. თელავში, კახეთის გუბერნატორის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც გუბერნატორის მოადგილეები გივი მეტრეველი და პლატონ კალმახელიძე, ასევე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკითხი ეხებოდა ელექტოენერგიის ხშირ წყვეტასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაეზეც არაერთი მოქალაქე გამოთქვამს უკმაყოფილებას და პრეტენზიას. კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს განხორციელებული საქმინობის სტატისტიკა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოების ჩამონათვალი. ამასთანავე, მოისმინეს ის პრობლემური საკითხები, რაც იწვევს მომსახურების ხშირ შეწყვეტას და მომხმარებელთა უკმაყოფილებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა კომპანიამ უზრუნველყოს მოქალაქეთა უფრო მეტი ინფორმირება და კონკრეტიკა კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების შესახებ. ამასთანავე, ენერგოომბუდსმენი შესაბამისი წინადადებით და რეკომენდაციით მიმართავს კომპანიას მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ „მოძრავი ოფისის“ აქცია დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში გაგრძელდება, ხოლო იქამდე ენერგოომბუდსმენი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ როსტომ სესიაშვილს და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდება.