ენერგოომბუდსმენი გურიის რეგიონში
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი თანაშემწეებთან ერთად გურიის რეგიონს სტუმრობდა.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ორგანიზებულმა აქციამ ,,მოძრავი ოფისი” სტარტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანებიდან აიღო. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და რეგიონული თანაშემწე ბექა სიორდია 25 ივნისს ნატანების საზოგადოებრივ ცენტრში აქტიურად ხვდებოდნენ მოქალაქეებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღო საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებისა და საქმიანობის შედეგების თაობაზე. შეხვედრებზე გაჟღერდა რაიონში არსებული პრობლემები, დაისვა არაერთი შეკითხვა, რის საფუძველზეც მიიღეს სამართლებრივი კონსულტაციები. მომხმარებლებმა, აგრეთვე, წარმოადგინეს ინდივიდუალური განცხადებები.
ენერგოომბუდსმენი, ასევე, შეხვდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მერებს სამომავლო თანამშრომლობის შეთანხმების მიზნით და მათგან მოისმინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული პრობლემები. სალომე ვარდიაშვილმა საინფორმაციო ბროშურები და განცხადების ბლანკები გაავრცელა მუნიციპალიტეტებში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქციას ,,მოძრავი ოფისი“ საგანმანათლებლო ხასიათი აქვს და გულისხმობს სხვადასხვა რეგიონში სოფლად განთავსებულ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში მოქალაქეებთან შეხვედრას, კონსულტაციების გაწევას, განცხადებების შეგროვებას და მოქალაქეთა მეტ ინფორმირებას.