ენერგოომბუდსმენი მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფს შექმნის
კომუნალური მომსახურების ტარიფები ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რომელიც, ფაქტობრივად, მოსახლეობის 100%-ს ეხება, შესაბამისად, ინტერესი ტარიფის დადგენის პროცესებისადმი ობიექტურად მაღალია სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.
ტარიფის დადგენას შესაბამის დარგში მარეგულირებელი კომისია უზრუნველყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. თუმცა, ამავდროულად, კანონის თანახმად, მარეგულირებელი კომისია, ვალდებულია, სატარიფო განაცხადის მიღების შემთხვევაში, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და უზრუნველყოს პროცესების გამჭირვალობა.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს, უფლება, აზრი გამოთქვას განსახილველი საკითხის ირგვლივ, რომელიც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განხილული იქნება მარეგულირებელი კომისიის მიერ.
სს ,,ენერგო პრო - ჯორჯიას“ ტარიფის დადგენას ხმაური მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მომხმარებლები სათანადოდ არ იყვნენ ინფორმირებული, რის გამოც ვერ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამოითქვა ვარაუდები, რომ დადგენილი ტარიფი არასწორია და ის მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას.
ენერგოომბუდსმენის აპარატი მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს მარეგულირებელი კომისიის მუშაობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რათა ამ პროცესებში არ დაიღვეს მომხმარებელთა უფლებები და ბალანსი მაქსიმალურად იყოს დაცული. ნებისმიერი ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ენერგოომბუდსმენი იმოქმედებს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
რაც შეეხება, ტარიფებს, მიგვაჩნია, რომ მარეგულირებელი კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია ამ პროცესებში ჩერთოს ფართო მასები, ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე პირები, სპეციალისტები, დაინტერესებული პირები, რომელთაც შეუძლიათ ობიექტური მოსაზრებებისა და წინადადებების წარმოდგენა. აღნიშნული ხელს შეუწყობს, როგორც კომისიის საქმიანობის გაუმჯობესებას, აგრეთვე სამომავლო ეჭვების მოსპობას პროცესების არაგამჭირვალობის შესახებ.
სწორედ ამ მიზნით, ენერგოომბუდსმენის აპარატთან შეიქმნება მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მომხმარებელთა ინტერესებზე ტარიფების დადგენის პროცესში. მოისმენს დაინტერესებული პირების წინადადებებს, ალტერნატიული დათვლის მექანიზმებს და შესაძლებლობებს, მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას.
ენერგოომბუდსმენის აპარატი მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან.