2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

16 აპრილი, 2019
http://pdci.ge/res/images/images/2019041615145563101.JPG

ენერგოომბუდსმენის აპარატმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. 16 აპრილს სასტუმრო ,,სტამბაში“ ენერგეტიკის სექტორის მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარებისა და უფლებების დაცვის მექანიზმებზე იმსჯელეს. კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის“ (NEON) პრეზიდენტმა ბატონმა იანუშ გვიაზდოვსკიმ გახსნეს, რომელიც ოფიცილაური ვიზიტით იმყოფება საქართველოში. ღონისძიებაზე დასასწრებად საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, აგრეთვე ეწვია ენერგოომბუდსმენთა გაერთიანების გენერალური მდივანი ქალბატონი ანეტა ჯანთზენი. 
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა დღესვე საზოგადოებას 2018 წლის ანგარიში წარუდგინა და დარგში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევბზე, დასახულ გეგმებზე ისაუბრა.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის განმავლობაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 5594 განცხადება დარეგისტრირდა, კომპანიების მისამართით გაიგზავნა 4056 რეკომენდაცია, მარეგულირებელ კომისიაში 682 შუამდგომლობა, შედეგად ჩამოიწერა1 278 630,31 ლარი, 5 წლის განმავლობაში ჩამოწერილი თანხების ჯამი კი 11 მილიონ ლარზე მეტია.
მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა. განცხადებების რიცხვი გაიზარდა რეგიონებში, რომელიც უკავშირდება ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მომხმარებელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახულ დავალიანებებს, რომელთა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები უკვე გასულია სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად. 
მწვავე პრობლემად რჩება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება, როგორც დედაქალაქში, ასევე, საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში. აღნიშნული პრობლემა გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხზე. სწორედ ამიტომაც 2018 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში დაფიქსირდა ასობით განცხადება, რომელიც ეხებოდა მომსახურების სისტემატურ შეზღუდვას, აღდგენითი სამუშაოების გართულებას და გაჭიანურებას, სასმელი წყლის დაბალი წნევით მიწოდების შემთხვევებს და ა.შ.
საჩივრები შეეხებოდა, აგრეთვე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე მიერთების ვადების დარღვევას, წყალარინების ქსელზე მისაერთებელი მილის დიამეტრის არასწორად განსაზღვრას, რაც მატერიალურ ზიანს აყენებდა მომხმარებლებს.
დედაქალაქში პრომლემად იქცა მოხმარებული სასმელი წყლისთვის სულადობის მიხედვით ანგარიშწორება, ვინაიდან დაფიქსირდა ძალიან ბევრი საჩივარი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კონკრეტულ მისამართს მოქალაქეები მხოლოდ რეგისტრაციისთვის იყენებენ და ფაქტობრივად იქ არ ცხოვრობენ, მიუხედავად ამისა, სასმელი წყლის მოხმარებისთვის გადასახახი მაინც ეკისრებათ. 
2018 წლის მეორე ნახევრიდან აქტუალურია შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და საცხოვრებელი ფართების გამქირავებელთა შორის არსებული დავები ტარიფის განსაზღვრასთან დაკავშირებით, სადაც აქტიურად არის ჩართული ენერგოომბუდსმენი მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვის მიზნით. 
ელექტოროენერგეტიკის მიმართულებით, 2018 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის სამსახურში დარეგისტრირდა უამრავი განცხადება, რომლის თანახმად, მომხმარებლები გამოხატავდნენ პრეტენზიებს ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორად გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დარიცხვა განხორციელებული იყო მომდევნო საფეხურის გაზრდილი ტარიფით. ეს არის სისტემური ხარვეზი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება.
პრობლემურია ელექტროგადამცემი სადენებისა და საყრდენი ბოძების ავარიული მდგომარეობა, დაზიანებული სატრანსფორმატორო ჯიხურები, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს მოსახლეობისთვის და ამავდროულად გავლენას ახდენს კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე. ხშირი იყო მრიცხველის მწყობიდან გამოსვლის ფაქტებიც, რაც იწვევდა აღრიცხვიანობის დარღვევას და ზოგიერთ შემთხვევაში დარიცხული თანხის არასწორად განსაზღვრას.
ბუნებრივი გაზის სექტორში ბოლო წლებში საკმაოდ რთული მდგომარეობა შეიქმნა მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით. 2018 წელს საქართველოს რიგ ქალაქებში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების არაერთი შემთხვევა, ასევე, დაფიქსირდა მხუთავი აირისაგან მოწამლვის და გარდაცვალების შემთხვევები. რაც გამოწვეულია შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოების არარსებობით.
გაზთან დაკავშირებით აქტუალური იყო: ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის დარღვევა; ბუნებრივი გაზის გაზრდილი (შეუსაბამოდ მაღალი) გადასახადები გორისა და თელავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მაგალითზე; გაზიფიკაციის მიღმა დარჩენილი სოფლები და მუნიციპალიტეტები, ბუნებრივი გაზის ხარისხი, ახალი მომხმარებლების ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების საკითხები და ა.შ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს, აგრეთვე თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის, ენერგეტიკის დარგში ლიცენზიის მქონე კომპანიების წარმომადგენლები.