ენერგოომბუდსმენის 26 შუამდგომლობა დადებითად გადაწყდა

24 ივლისი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015072415522834259.jpg

დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყამომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჯარო სხდომაზე ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა სს ,,თელასსა“ და მოქალაქეებს შორის არსებული დავები წარადგინა. ყველა საქმე მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა.

საკითხი წინა წლებში წარმოქმნილ დავალიანებებს შეეხებოდა, რომელიც უმრიცხველო და პირობითი ჩვენების საფუძველზე დაგროვდა მომხმარებლების პირადი აღრიცხვის ბარათებზე. აღნიშნული დავალიანებები მრავალ წელს ითვლის და შესაბამისად, კომპანიამ დაკარგა მათი მოთხოვნის უფლება.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით, მწვავედ დგას ეს საკითხი თბილისის შემოგარენში, კერძოდ ახლომდებარე სოფლებში, რომლებიც მოგვიანებით, 2007 წლიდან შემოუერთდა თბილისის არეალს. ეს არის ოქროყანა, კიკეთი, კოჯორი, შინდისი, ტაბახმელა, წავკისი.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ძალისხმევით, უკვე ერთი წელია ამ სოფლებში სს ,,თელასს“ არ შეუწყვეტია მომსახურება სადაო დავალიანების გამო, ხოლო უახლოეს მომამავლში მოწესრიგდება, ასევე, ხანდაზმული ვალის პრობლემაც.

მომხმარებლებისთვის კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს, რომ არსებული წესებისა და კანონმდებლობის თანახმად, მათ უფლება აქვთ, უარი თქვან 3 და უფრო მეტი წლის წინ წარმოქმნილი ვალის გადახდაზე, თუმცა მათ ასევე დროულად უნდა დაფარონ მიმდინარე თვის ხარჯი შემდგომი უარყოფითი პროცესების თავიდან ასაცილებლად.

დღევანდელ საჯარო სხდომაზე ჩამოწერილმა თანხამ ჯამში 53 582, 24 ლარი შეადგინა.