ენერგოომბუდსმენის პოზიცია ე.წ. ჰიბრიდული ტარიფის შესახებ

27 თებერვალი, 2019
http://pdci.ge/res/images/images/2019022713414498114.jpg
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი 26 თებერვალს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელიც ფიზიკური პირებისთვის წყლის ე.წ. ჰიბრიდული ტარიფის შემოღებას უკავშირდება.
სალომე ვარდიაშვილმა თავისი შეხედულებები წერილობითაც წარადგინა მარეგულირებელ კომისიაში და განმარტა, რომ შემოთავაზებული პროექტი არ ემსახურება მომხმარებელთა ინტერესების გაუმჯობესებას და ის უარყოფითად აისახება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დროებით თმობენ ოთახებს სტუმრების მისაღებად.
პროექტის მიხედვით, მე-3 მუხლის მე-9 პუნქტს (მომხმარებლის კატეგორიები) უნდა დაემატოს 91 პუნქტი, რომელიც გულისხმობს:
,,91. ამ წესების მიზნებისათვის, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებელზე ვრცელდება საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე დადგენილი მოთხოვნები, მე-9 მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.“
ბ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი:
,,11. ამ წესების მიზნებისათვის, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, ასევე, მის საცხოვრებელ ადგილზე, სტუმრების სისტემატური მომსახურებისათვის.
კომისიის განმარტების მიხედვით, საოჯახო სასტუმროდ ჩაითვლება საცხოვრებელი ფართი, სადაც მესაკუთრეებიც ცხოვრობენ და ამავდოულად სახლში სტუმრებს იღებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში, ოჯახს სტუმარი ეყოლება თუ არ ეყოლება, ნაწილობრივ გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით (თუკი ლიმიტს გადააჭარბებს), ხოლო მცირე ნაწილს საყოფაცხოვრებო ტარიფით.
ე.ი. არასაყოფაცხოვრებო ტარიფის გავრცელების ობიექტი სწორედ ეს ვიწრო ჯგუფი იქნება, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში თმობენ გარკვეულ ფართს სტუმრების გამასპინძლებისთვის.
თუმცა პროექტით გათვალისწინებული ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, ის შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომლის საცხოვრებელ ადგილად ითვლება უძრავი ქონება და თან მასპინძლობს სტუმრებს.
სალომე ვარდიაშვილმა კომისიას განუმარტა რომ პროექტის ჩანაწერის მიხედვით ე.წ. საოჯახო სასტუმროს ტიპს დაექვემდებარება ძალიან ბევრი ფიზიკური პირი და წყალმომარაგების კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა თავისი შეხედულების მიხედვით, მრავალმხრივად განმარტონ ნორმა. მაგალითად, თბილისში, კერძო დასახლებებში გამოვკითხეთ რამდენიმე სახლის მესაკუთრე, რომელთაც აღნიშნეს, რომ ისინი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში (სადაც აგრეთვე რჩებიან საცხოვრებლად ოჯახით) სისტემატურად აქირავებენ ოთახებს სტუდენტებზე, რაც შემოსავლის ერთადერთი წყაროა ზოგიერთი მათგანისთვის. მათი განმარტებით, სტუდენტი ახალგაზრდების მშობლებთან შეთანხმებით, დიასახლისი ალაგებს გაქირავებულ ოთახებს, რეცხავს ტანსაცმელს და თეთრეულს. ამასთანავე, ქირავნობის შესახებ განცხადებაში ხშირად ვკითხულობთ, რომ ბინა ქირავდება მხოლოდ გოგონებზე, ვინაიდან ბინაში იცხოვრებს დიასახლისიც (ძირითადად ეხება ეს კორპუსის ბინებს). აგრეთვე გვაქვს ოთახების დათმობის შემთხვევები კორპუსში განთავსებულ ბინებში, სადაც საცხოვრებლად რჩება ოჯახიც. აღსანიშნავია, ბინების და ფართების გაქირავება სეზონურად ზღვისპირეთში (ე.წ. კოიკების გაქირავება) და მთის კურორტებზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო სახლში ქირავდება მხოლოდ ერთი ოთახი, მაგალითად, საძინებელი, რომლითაც მესაკუთრე სარგებლობს და მხოლოდ იმ შემთხვევაში თმობს, თუკი სტუმარი ეყოლება.
ენერგოომბუდსმენმა განმარტა, რომ შეუძლებელია საკუთარ სახლებში ოთახების გაქირავება შეფასდეს საოჯახო სასტუმროდ. 26 თებერვლის სამუშაო შეხვედრაზე მთავარი შეკითხვები იყო, კონკრეტულად რას ნიშნავს ე.წ. საოჯახო სასტუმრო, რა კრიტერიუმებით უნდა გამოირჩეოდეს ის და ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, ითვლება თუ არა ფიზიკური პირი საოჯახო სასტუმროს მფლობელად.
აღნიშნული შეკითხვებით ენერგოომბუდსმენი წერილობითაც მიმართავს მარეგულირებელ კომისიას და მიიღებს აქტიურ მონაწილეობას შემდეგ საჯარო განხილვებში.