ენერგოომბუდსმენის სპეციალური განცხადება
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებულმა სტატუსმა ენერგეტიკის სექტორის მომხმარებლებისთვის ბევრი შეკითხვა გააჩინა, რის გამოც ენერგოომბუდსმენის აპარატი თავს ვალდებულად თვლის, განმარტოს არსებული ვითარება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქემ მიუთითა:
,,ბატონებო! სააპელაციო სასამრთლომ პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო. გაზის და დენის ჩაჭრა დაუშვებელია თუ ბინაში ვინმე ცხოვრობს."
საკითხის სიღრმისეული შესწავლის შედეგად, გავარკვიეთ, რომ ეს სტატუსი ეხება ერთ კონკრეტულ სიტუაციას, არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და შესაბამისად, არ შეესაბამება სინამდვილეს. ბატონი მიუთითებს ისეთ შემთხვევაზე, როდესაც საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს სურს კომუნალური მომსახურების შეწყვეტა საკუთრების დაცვის ბერკეტად და ფაქტობრივი მფლობელების და ამ ფართში მცხოვრები აქტიური მომხმარებლების სადამსჯელო ღონისძიებად გამოიყენოს.
მივმართავ ჩვენ მოქალაქეებს, ენერგეტიკის სექტორის მომხმარებლებს, რომ არ დაიბნენ გავრცელებული ინფორმაციით. ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებელსა და გამანაწილებელ კომპანიას შორის ურთიერთებები რეგულირდება სემეკის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტით, რომლის მიხედვით მომხმარებელი ვალდებულია დროულად გადაიხადოს მიმდინარე გადასახადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს მომსახურება. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კომუნალური მომსახურების შეწყვეტას, რაც უარყოფითად აისახება ჩვენ მომხმარებლებზე.
ენერგოომბუდსმენის აპარატი მზად არის უპასუხოს ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 16 216