2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
ენერგოომბუდსმენის 2017 წლის ანგარიში
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (ენერგოომბუდსმენი) სალომე ვარდიაშვილმა 2017 წლის ანგარიში საჯაროდ წარმოადგინა.
დოკუმენტში ასახულია საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი და საზოგადოებრივი დამცველის სამართლებრივი რეაგირებები.
საანგარიშო მოხსენებაში, ასევე წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები სამსახურის საქმიანობის შედეგებისა და მომხმარებელთა მომართვიანობის შესახებ, საჩივრების შინაარსი ენერგოკომპანიების მიხედვით და საზოგადოებრივი დამცველის აქტივობის შედეგად ჩამოწერილი თანხების ოდენობა.
ენერგოომბუდსმენის ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში 2017 წელს არსებული პრობლემები.
მოქალაქეთა მომართვიანობის შინაარსის ანალიზი ყველაზე ნათლად წარმოაჩენს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც დღესდღეობით აწუხებს ენერგეტიკის დარგის მომხმარებლებს. სექტორების მიხედვით ის სხვადასხვა შინაარსისაა, მაგალითად:
ელექტროენერგეტიკის სექტორში - კონსულტაციაზე მოსული მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ძველი დავალიანებების პრობლემას ეხება. ასევე, ქვითარში ასახული ხარჯის ოდენობა არ შეესაბამება ტარიფს, კახეთის რეგიონში ყველაზე მწვავედ იკვეთებოდა არასათანადო მომსახურების პრობლემები, ამასთან აღნიშნულ რეგიონებში ენერგოომბუდსმენის ჩარევამდე მომხმარებლები ვერ სარგებლობდნენ მთის კანონით დადგენილი შეღავათებით.
წყალმომარაგების სექტორში - სისტემურ ხასიათს იძენს გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის შეფასებითი ჩვენებების დაფიქსირება: კომპანიის წარმომადგენელი პერიოდულად არ იღებს რეალურ ჩვენებებს და მოქალაქეებს უგროვდებათ გადასახდელი თანხები. აქტუალურია აგრეთვე წყალმომარაგების ქსელზე დაერთების საკითხები, როდესაც კომპანიების მიერ დაგვიანებით ხორციელდება მიერთების სამუშაოები. ხშირია სასმელი წყლის სათანადო წნევით მიწოდებასთან დაკავშირებული საჩივრები.
ბუნებრივი გაზის სექტორში - მოქალაქეების დიდი ნაწილი გამოხატავს უკმაყოფილებას გაზმომარაგების კომპანიის მიერ შეტყობინების გარეშე ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის აღძვრა და თანხის დარიცხვა (მათ შორის, მრიცხველის საფასურის). აგრეთვე აქტუალურია ხანდაზმული დავალიანებების და დაგვიანებული გაზიფიცირების (ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის დაერთება) საკითხები.
2017 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში 4338 განცხადება დარეგისტრირდა, 8474 მოქალაქე ესტუმრა სამსახურს, ხოლო 3 მილიონ ლარამდე თანხა ჩამოეწერათ მომხმარებლებს.