ენერგოომბუდსმენი 15 მარტის კვირეულს იწყებს
15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა! მომხმარებელი, როგორც უფლებების მქონე სუბიექტი, პირველად, ამერიკაში, პრეზიდენტი ჯონ კენედის ინიციატივით აღიარეს. ,,მომხმარებელი არის ეკონომიკური ჯგუფი, რომელსაც ვალდებიულებებთან ერთად, უფლებებიც გააჩნია“ - მიმართა პრეზიდენტმა კონგრესს. 1985 წლიდან მომხმარებელთა უფლებები ოფიციალურად გაიწერა გაეროს რეზოლუციით.
ენერგოომბუდსმენის აპარატი, უკვე ტრადიციულად, უერთდება მსოფლიოში აღიარებულ თარიღს და 12 მარტიდან იწყებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულს. კვირეულის ფარგლებში ჩატარდება აქცია ,,შენი ხმა რეგიონებს“, რაც მიზნად ისახავს არაერთ აქტივობას ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებით მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საჩივრების რიცხვი დედაქალაქიდან დაშორებული რეგიონებიდან გაცილებით ნაკლებია, რის გამოც აუცილებელია პერიფერიებში სამომხმარებლო განათლების ამაღლება და მომხმარებელთა ცნობიერების გაზრდა.
ზემოაღნიშნული აქცია სპეციალურად 15 მარტის აღსანიშნავად სტარტს ახმეტის მუნიციპალიტეტიდან აიღებს, გაგრძელდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და წლის ბოლომდე ის საქართველოს ყველა კუთხეს მოიცავს.