შეხვედრა საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი გაზის ქსელის უსაფრთხო მონტაჟთან დაკავშირებით
19 თებერვალი, 2018
მიმდინარე წლის 19 თებერვალს ენერგოომბუდსმენის ინიციატივით შედგა გაფართოებული შეხვედრა საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი გაზის ქსელის უსაფრთხო მონტაჟთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგერტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები, აპარატის თანამშრომლები, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა და ბუნებრივი გაზის ლიცენზიანტი კომპანიის წარმომადგენლები. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა ბიზნესომბუდსმენი.
ბუნებრივი გაზის სექტორში სტატისტიკურად მაღალია მოქალაქეთა სიკვდილიანობის რიცხვი შიდა ქსელის არასწორი მონტაჟისა და სტანდარტების დარღვევის გამო. პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი რეგულაციების არარსებობაც.
შეხვედრის მონაწილეებმა დაწვრილებით განიხილეს, როგორც ენერგო კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე სამშენებლო კომპანიების მიერ დაშვებული ხარვეზები ბუნებრივი გაზის ქსელის მოწყობის პროცესში, აგრეთვე არქიტექტურის სამსახურის შესაძლო მონაწილეობა დასახელებული საკითხების მოგვარებაში. დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრა სამშენებლო კომპანიებთან ენერგოომბუდსმენისა და ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით.
ენერგოომბუდსმენის აპარატი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უსაფრთხოების წესების გამკაცრებას, ვინაიდან უსაფრთხო გარემოში ცხოვრება ერთ-ერთი აღმატებული უფლებაა ადამიანისათვის. შესაბამისად, აუცილებელი და მნიშვნელოვანია ერთიანი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც სავალდებულო იქნება შესასრულებლად ნებისმიერი სუბიექტისთვის.