საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის (NEON) ოფიციალური წევრი გახდა.
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის“ (NEON) მორიგ გენერალურ შეხვედრას დაესწრო. ენერგოომბუდსმენების შეხვედრა საფრანგეთის დედაქალაქში, ქ. პარიზში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
2018 წლის 8 იანვრის კონფერენცია ორგანიზებული იყო საფრანგეთის ენერგოომბუდსმენის მიერ. აღნიშნულ კონფერენციაზე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად კოლეგებმა იმსჯელეს ომბუდსმენის, როგორც მედიატორის როლის გაძლიერების საკითხზე. საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით ომბუდსმენის სამსახური უნდა განიხილებოდეს დავების განხილვის ალტერნატიულ ორგანოდ.
მიმდინარე წლის 9 იანვარს შედგა ენერგოომბუდსმენების გენერალური შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის წევრების სრული შემადგენლობა ესწრებოდა. დღის წესრიგში წარდგენილი იყო საქართველოს ენერგოომბუდსმენის გაწევრიანების საკითხი, რასაც ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროპელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა.
2018 წლიდან საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის ოფიციალური წევრი გახდა.
NEON-ის შემდეგი გენერალური შეხვედრა 2018 წლის მარტში საქართველოში, ქ. თბილისში გაიმართება.