2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
ენერგოომბუდსმენის 2016 წლის ანგარიში
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა დღეს 2016 წლის ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა.
დოკუმენტში ასახულია საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი და საზოგადოებრივი დამცველის სამართლებრივი რეაგირებები.
საანგარიშო მოხსენებაში ასევე წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები სამსახურის საქმიანობის შედეგებისა და მომხმარებელთა მომართვიანობის შესახებ, საჩივრების შინაარსი ენერგოკომპანიების მიხედვით და საზოგადოებრივი დამცველის აქტივობის შედეგად ჩამოწერილი თანხების ოდენობა.
ენერგოომბუდსმენის ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში 2016 წელს არსებული პრობლემები.
მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობის მხრივ წყალმომარაგების სექტორი ლიდერობდა. ვინაიდან 2016 წლის განმავლობაში მომხმარებლები იღებდნენ არასათანადო მომსახურებას, რაც გამოიხატებოდა მომსახურების ხშირი შეწყვეტით, დაგეგმილი და გადაუდებელი სამუშაოების გაჭიანურებით, და წნევის პრობლემებით. რეგიონებში კვლავ მწვავედ იდგა უხარისხო სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალმომარაგების გრაფიკის საკითხები.
ელექტრორენერგეტიკის სფეროში პრობლემად დარჩა მომხმარებლების ბარათებზე ასახული ხანდაზმული ვალები, აგრეთვე უსაფუძვლოდ განხორციელებული დარიცხვები, რომელიც საერთო ბარათებიდან გადატანილ თანხებს და სადარბაზოს განათებების, ლიფტთისთვის მოხმარებული ელ.ენერგიის დავალიანების ინდივიდუალურ ბარათზე გადატანას უკავშირდებოდა. გაიზარდა საჩივრების რაოდენობა ე.წ. ,,საფეხურებრივი ტარიფების“ არასწორი გამოყენების შესახებ. რეგიონებში კვლავ აქტუალურია ელექტროენერგიის არასათანადო ძაბვით მიწოდების საკითები, მოძველებული ელექტრო-სადენები, განათების ბოძები, მომსახურების დაბალი ხარისხი, ხშირია საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების ფაქტები.
ბუნებრივი გაზის სფეროში გასული წლის ბოლო თავი იჩინა უსაფრთოების პრობლემებმა, ამასთანავე, მასობრივი ხასიათი ჰქონდა ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებისა და დადგენილი ნორმების დარღვევას, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის მოსახლეობისთვის. საჩივრები შეეხებოდა, აგრეთვე, მრიცხველის დაზიანების გამოვლენის და ზიანის ანაზღაურების შესახებ არსებულ დავებს.
ენერგოომბუდსმენმა რეკომენდაციებით და წინადადებებით მიმართა ენერგოკომპანიებს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს.
ანგარიშის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. განხილვაში ჩართული იყო სამოქალაქო საზოგადოება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.