ენერგოომბუდსმენის ჩართულობით სოფელ მეორე ობჩაში დაბალი ძაბვის პრობლემა მოგვარდა

12 თებერვალი, 2026
http://pdci.ge/res/images/images/2026021211430834307.jpg

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მომართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებმა ელექტროენერგიის დაბალი ძაბვით მიწოდებისა და ხშირი წყვეტების საკითხთან დაკავშირებით.

მომართვის თანახმად, დაბალი ძაბვა და ძაბვის ცვალებადობა ხელს უშლიდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას, ხოლო რიგ შემთხვევებში გამოიწვია ტექნიკის დაზიანება. ასევე ფიქსირდებოდა ელექტროენერგიის მიწოდების ხშირი შეზღუდვა.

საკითხის შესწავლის მიზნით, ენერგოომბუდსმენმა ოფიციალური წერილით მიმართა ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიას და მოითხოვა:

  • არსებული მდგომარეობის შემოწმება;
  • მომხმარებლისთვის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • მომსახურების ხშირი შეზღუდვის გამომწვევი მიზეზების განმარტება;
  • პრობლემის აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი პასუხისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე დადასტურდა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

  • 1 კმ 10 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
  • 0.4 კვ. ქსელში სიპ-კაბელების კვეთის გაძლიერება;
  • ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობა;
  • აბონენტების გადართვა ახალ ქსელზე.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად უზრუნველყოფილია ელექტროენერგიის გაუმჯობესებული, სტაბილური და უსაფრთხო მიწოდება.

ენერგოომბუდსმენის სამსახური განაგრძობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და თითოეული მომართვის სამართლებრივ შესწავლას.